logo
ENG



"დაზიანებები ჰქონდა, მოკლულია" - დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედის ინტერვიუ

20 მაი 202321:29
3 წუთის საკითხავი
 

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის გარდაცვლილი ანი იანუშაიტიტეს დედა ნატო ხუტაშვილი შაბათის ფორმულასთან ინტერვიუში დეტალურად აღწერს რა მდგომარეობაში და სად იპოვა შვილი, როდესაც ბავშვს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა.

მოზარდის დედა ამბობს, რომ გოგონას სხეულზე ძალადობის კვალი და მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. დედა დარწმუნებულია, რომ 12 წლის გოგო უბედური შემთხვევის შედეგად არ გარდაცვლილა - ის მოკლეს.

"მე ანის დედა როგორც აქამდე ვიყავი, ისე ვიქნები ახლაც. სიმართლეს გავიგებ, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ. იქ როგორ მოხვდა ის ბავშვი, რატომ მოხვდა - ძალით შეყვანილი თუ არ არის და მოკლული. ამას რად უნდა ლაპარაკი, დაზიანებებიდან და ადგილიდან გამომდინარე ის მოკლულია, ღებინება ჰქონდა და პირაღმა იწვა, ხის ქვეშ იყო შეწვენილი. აქ 100 პროცენტიდან არც ერთი პროცენტით არ შეიძლება იმის დაშვება, რომ სხვანაირად იყო რამე... ბავშვი, რომელსაც გული ერევა, პირაღმა არ ეცემა და ხის ქვეშ ვერ შევარდებოდა თავისით ხომ, დახრილი ხეების ქვეშ, ბავშვი იყო შეწვენილი და გასწორებული", - ამბობს ნატო ხუტაშვილი.

ამასთან, დედის თქმით, ის გზა, რომელიც მოზარდმა სიკვდილის დღეს გაიარა, მისი ჩვეული მარშრუტი არ იყო. მთავარი გზის გვერდით, რომელიც ხეებსა და ბეტონის კედელს შორის არის მოქცეული, ნაგავსაყრელი, გაუვალი ბუჩქები და სარეველა ბალახია. ანის დედის ვერსიით, ძალადობა სწორედ იქ იწყება.

დედა ვარაუდობს, რომ ადევნებულმა მკვლელმა გოგონა მთავარი გზიდან სწორედ ამ მიტოვებულ და მიყრუებულ ადგილას, ძალით გადაიყვანა, რადგან მისი თქმით, ვერსია - თითქოს მოზარდს გზის დამოკლება უნდოდა, - ალოგიკურია, სიბნელეში ამ ადგილას, გოგონა თავისი ნებით არ შევიდოდა.

"ბავშვი მოდის თავის გზაზე, ჩვეულებრივ ასფალტზე - აქ არის დაწეული და იძულების წესით გადაყვანილი ამ მიუვალ ადგილას, შეხედეთ - რა სიმაღლე გადასასვლელია, აქ ბავშვი თავისი ფეხით სიბნელეში, ღამით არ გადავიდოდა", - თქვა დედამ შაბათის ფორმულასთან ინტერვიუში. საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება 12 წლის ბავშვის მობილური ტელეფონია, რომელიც მოზარდის ცხედრისგან მოშორებით, დამტვრეული იპოვეს. "ეწინააღმდეგებოდა ჩემი შვილი და დაუმტვრია იმან ტელეფონი, არის აბსოლუტურად ჩამსხვრეული. ბავშვი აქ ჰყავდა დაწვენილი, ფეხები იქეთ, თავი აქეთ. აქ მანქანები ძალიან ბევრია, არავინ მოძებნიდა აქ, ყველა გაშლილ სივრცეში ეძებდა - ჩემ გარდა, მე ვიცოდი, რომ მას რაღაც ცუდი სჭირდა, ვგრძნობდი", - აცხადებს დედა.

მოზარდის დედა პროკურატურას და ექსპერტიზის ბიუროს მიმართავს, რომ საქმეზე დროული გამოძიება მოხდეს: "ამას თუ არ გამოიძიებენ, ჩემი შვილი არ იქნება ბოლო, ჩემთვის კი არ არის მხოლოდ საჭირო".

12 წლის ანი ლიეტუვის და საქართველოს მოქალაქე იყო. მოზარდის სავრაუდო მკვლელობის საქმით დაინტერესებულია ლიეტუვაც და მზადაა გამოძიებაში ჩაერთოს.

17 მარტს, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. ოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე მოზარდი დაიკარგა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, თუმცა მოგვიანებით გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. 


close დახურვა